თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციებსა და სიმინდის ყანებს ამუშავებს, აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ათეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. საყანე ფართობები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.
მიუხედავად იმისა, რომ აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად არის შემცირებული, საყანე ფართობების დამუშავება აუცილებელია. ცივი შესხურების ტექნოლოგია გამოიყენება მავნებლის პირველი ნიმფების საწინააღმდეგოდ; საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები და მავნებლის დამჭერი ფერომონები.
„წამლობების პარალელურად მიმდინარეობს ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. მათ გასულ წელს სიმინდის უხვი და ხარისხიანი მოსავალი მიიღეს. სახელმწიფოსა და ფერმერების კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიმდინარე წელსაც სიმინდის ხარისხიან მოსავალს ველოდებით“, – განაცხადა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.
აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა. მან ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. მავნებელთან ბრძოლის საქართველოში გამოყენებული მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო გახდა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავლებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშოები კვლავ გაგრძელდება.