თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით საქართველოში ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ახალი პარამეტრებით შემოწმება – სტაბილური იზოტოპების თანაფარდობაზე შემოწმება დაიწყო, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ღვინის ლაბორატორია ძვირადღირებული აპარატურით – მასპექტრომეტრი IRMS-ით აღიჭურვა, რომელიც საშუალებას იძლევა ალკოჰოლურ სასმელებში განისაზღვროს ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა.
„ღვინის ლაბორატორია ღვინის ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ხარისხის კონტროლი კი მთავარი ამოცანაა ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციის შექმნისთვის. შესაბამისად, ლაბორატორიის განახლება/გადაიარაღება და კომპეტენციის მუდმივი ზრდა ჩვენი პრიორიტეტია“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, ახალი კვლევა განსაზღვრავს ტექნოლოგიური პროცესის უსაფრთხოებას, პროდუქციის შესაბამისობას სტანდარტის მოთხოვნებთან და ფალსიფიკაციის ნიშნების არსებობას.
„ამ პარამეტრებზე მოთხოვნა ბევრ ქვეყანას აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ანალიზზე მოთხოვნა ბაზარზე ძალიან დიდია. რამდენიმე დღის წინ გავიარეთ ეროვნული აკრედიტაციის ცენტრიდან მონიტორინგი და უკვე მივიღეთ აკრედიტაცია ამ მეთოდებზე. მომავალი კვირიდან მზად ვიქნებით კვლევების ჩასატარებლად. მეწარმეებისთვის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობის შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა რეგულაცია მათ პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობას ავალდებულებს“, – აღნიშნა ღვინის ლაბორატორიის დირექტორმა ირმა ჭანტურიამ.
ახალ აპარატურასთან მუშაობის ასათვისებლად ლაბორატორიის თანამშრომლებმა შესაბამისი სწავლება გაიარეს და გამოცდაც ჩააბარეს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, ხარისხის მუდმივი კონტროლი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების კონკურენტული პროდუქტებით უზრუნველსაყოფად.
შესაძლო ფალსიფიკაციის გამოსავლენად წლის დასაწყისიდან ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. შესწორებების თანახმად, ღვინო და სპირტიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობაზე შემოწმდება, რითიც დადგინდება, არის თუ არა პროდუქტი ყურძნისეული წარმოშობის.
ღვინის ხარისხი COVID-19-ის დროს
მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროცესებისა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუშაობა ხარისხის კონტროლის მხრივ დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.
2020 წლის დასაწყისიდან ექვს თვეში საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების 175 კომპანიაში საექსპორტო პროდუქცია შეამოწმეს. შერჩეული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი 13 კომპანიას უთხრეს.
საექსპორტი ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტური კვლევების მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში 118 დეგუსტაცია გაიმართა. სულ წარმოდგენილი იყო 4 131 ნიმუში. აქედან უარყოფითი შეფასება მხოლოდ 202-მა ნიმუშმა მიიღო.
თუმცა, ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ძლიერ ზარალდება. ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 5,9%-ით, 91 მლნ დოლარამდე დაეცა.
კორონავირუსის ეპოქა: რას აწარმოებს საქართველო და ვინ ყიდულობს მის პროდუქციას>>
ლაბორატორიის მუშაობა
ხარისხის კონტროლის გარდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის ლაბორატორიასთან აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო კვლევების სფეროში. დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რაც ითვალისწინებს ღვინის სფეროში მცირე მეწარმეებისა და ფერმერების კომპეტენციის ამაღლებას, კერძოდ, ტრენინგებს, სემინარებს, ნიმუშების კვლევის ანალიზსა და განხილვებს.
უწყებისთვის მნიშვნელოვანია ფერმერების წახალისება იმ რეგიონებიდან, სადაც ღვინის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებს შედარებით ნაკლებად იყენებენ. საუბარია ქვემო ქართლზე, შიდა ქართლზე, იმერეთზე და ა.შ.
ღვინის ლაბორატორია 2006 წელს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის ფარგლებში დაარსდა. ის ამჟამად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობით ფუნქციონირებს.
ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში, რომელიც მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს ამოწმებს. ლაბორატორია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ტესტირების ორგანოა, რომელიც როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს, დიდ და მცირე მარნებს, ქარხნებსა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ემსახურება.