თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ქართველი მევენახეებისთვის შეიქმნა გარანტიები, რომ მათი საქმიანობა დაფასდეს და მათ შეძლონ 2020 წლის სეზონის ნაკლებად მძიმედ გადატანა, განაცხადა ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პრემიერმა მევენახეებს მიმართა - სახელმწიფო არ დაგივიწყებთ>>
ქართული მეღვინეობა კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების გამო ზარალდება. საქართველოდან ღვინის მიწოდება ბოლო წლებში პირველად შემცირდა: „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%-ით დაეცა.
მინისტრის განცხადებით, კომპანიები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტი „რქაწითელის“ ან „კახური მწვანეს“ გადამუშავებას შეძლებენ, სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამზე 30 თეთრის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ, თუ მას ისინი გლეხებისგან მინიმუმ 80 თეთრად ჩაიბარებენ. სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სამუშაო პროცესს, რათა მევენახეებმა და ფერმერებმა რიგებისა და პრობლემების გარეშე ჩააბარონ თავიანთი პროდუქცია.
„ის, რომ ჩვენ ასეთი გარანტიები შევქმენით ქართველი მევენახე-ფერმერებისთვის, ვფიქრობ, არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა და სოლიდარობა, რადგან ეს არის ქართველი გადასახადების გადამხდელების მიერ აკუმულირებული თანხები. ანუ ეს არის სოლიდარობა მევენახე-ფერმერებისთვის, რათა მათი საქმიანობა წელს დაფასდეს და 2020-ის სეზონი ნაკლებად მძიმედ გაიარონ“, – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს.
პრემიერის თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს ყურძნის მოსავლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება.
გასულ წელს საქართველოში 271 ათასი ტონა ყურძენი მოიკრიფა.