თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით იმერეთში საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.
საქართველოში წლის დასაწყისიდან ეს ყირიმ-კონგოს ცხელების მე-11 შემთხვევაა.
ფაქტი დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ დაადასტურა. მისივე ცნობით, მამაკაცი წყალტუბოს მცხოვრები იყო. ინფიცირების წყარო უცნობია.
„აღნიშნული დაავადება იმერეთის რეგიონში იშვიათია. დაავადება ჰიალომას ტკიპის ნაკბენით გადადის და შემთხვევა სოფლის მეურნეობით დაკავებულ ადამიანებში გვხვდება“, – განაცხადა გიორგიძემ.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ყირიმ-კონგოს ცხელება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. დაავადება იწყება ტემპერატურის მატებით, 38-40 გრადუსამდე იზრდება ტემპერატურა, იმის მიხედვით, თუ როგორია ორგანიზმის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. ამ დროს კანზე, თვალებზე, ლორწოვან გარსზე ვითარდება სისხლჩაქცევები.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. ინფექცია ტკიპებით გადადის.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება: ტემპერატურის მატებასთან ერთად მიალგია (კუნთების ტკივილი), თავბრუსხვევა, კისრის ტკივილი, ზურგის ან წელის ტკივილი, თავის ტკივილი, თვალების ანთება, ფოტოფობია (სინათლისადმი მგრძნობელობა). შეიძლება განვითარდეს პირღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელსა და ყელში, რომელსაც მოსდევს განწყობის ხშირი ცვლა და ცნობიერების აღრევა.
ორი-ოთხი დღის შემდეგ აღგზნება შეიძლება შეიცვალოს ძილიანობით, დეპრესიით, დაღლილობით, ხოლო მუცლის ტკივილის ლოკალიზება მარჯვენა ზედა ნაწილში მოხდეს.
ყირიმ-კონგოს დაავადების სხვა ნიშნებია: ტაქიკარდია (გაძლიერებული გულისცემა), ლიმფური კვანძების გაზრდა, გამონაყარი პირში, ყელში ან კანზე. ჩვეულებრივ, შეინიშნება ჰეპატიტის ნიშნები. მძიმედ დაავადებულ ადამიანებში მეხუთე დღის შემდეგ შეიძლება სწრაფად გაუარესდეს თირკმელების ფუნქციების მუშაობა და განვითარდეს მოულოდნელი ღვიძლის ან ფილტვის უკმარისობა.