თბილისი 18 ივლისი – Sputnik. რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებები არანაირად არ უკავშირდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებას, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ზახაროვა: მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის სიტუაციის დეესკალაციის მომხრეა >>
17 ივლისიდან მიმდინარეობს დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ძალების, საჰაერო-სადესანტო ჯარების, ასევე ფლოტის შენაერთებისა და საზღვაო ქვეითი სამხედრო ნაწილების მოულოდნელი შემოწმება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უცხოელ პარტნიორებს აცნობა იმ ღონისძიებების მიზნებსა და ამოცანების შესახებ, რომლებიც ჯარის საბრძოლო მომზადების მოულოდნელი შემოწმების ფარგლებში მიმდინარეობს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ „ჯარი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა, ასრულებს თავმოყრას დანიშნულების წერტილებში და ემზადება სასწავლო-საბრძოლო ამოცანების გადასაჭრელად“. მისი თქმით, საჯარისო ნაწილები მომზადების ღონისძიებათა კომპლექსს 35 სახმელეთო და 17 საზღვაო პოლიგონზე შეასრულებენ. ღონისძიებებში სულ ჩართულია 150 ათასი სამხედრო, 400 საფრენი აპარატი, 26 ათასი ერთეული შეიარაღება, სამხედრო და სპეცტექნიკა, 100-ზე მეტი გემი და ხომალდი.
„ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ ალექსანდრ ფომინმა განაცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარების გამწვავებას შორის“, - ნათქვამია სამხედრო უწყების განცხადებაში.
ასევე აღნიშნულია, რომ 20 ივლისს ფომინი გამართავს ბრიფინგს უცხოური სახელმწიფოების სამხედრო ატაშეების წინაშე, სადაც მათ დეტალურად გააცნობს მოულოდნელი შემოწმების ჩატარების მიმდინარეობას.
„აღნიშნული ღონისძიებები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და „კავკასია - 2020“ სწავლებისთვის მომზადების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს“, - აცხადებს ფომინი.
12 ივლისს დაწყებული შეტაკებები აზერბაიჯანსა (თოვუზის რაიონი) და სომხეთს (ტავუშის ოლქი) შორის საზღვარზე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა საქართველოს საზღვართან და ასობით კილომეტრითაა დაშორებული არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან, კვლავ გრძელდება. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს აბრალებენ შეტაკების დაწყებასა და სროლებს. ბაქოს ინფორმაციით, დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი. სომხური მხარე იუწყება ორი დაღუპული ოფიცრისა და ხუთი დაჭრილის შესახებ.
მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, შეშფოთება გამოთქვეს შექმნილი ვითარების გამო და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის დაეხმაროს ბაქოსა და ერევანს ვითარების სტაბილიზაციის მიზნით.