თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიაში რომელ ნომრად იქნება.
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს: გეგმები და პერსპექტივები >>
საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. უკვე 20 ივლისს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომლის პოლიტსაბჭოში შედის გახარია, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებს წარადგენს.
„მესმის, რომ გარკვეული ინტერესია, რაღაც ინტრიგაა. კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, სიის ნომრით რომელი ვიქნები. მაჟორიტარობაზე არ მიფიქრია,“ - განაცხადა გახარიამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არჩევნები საქართველოში თავისუფალ გარემოში წარიმართება და ამას ყველა პერტიამ ხელი უნდა შეუწყოს.
„ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არავის არასდროს შეუზღუდავს. ვსაუბრობთ ღიად ყველასთან ყველაფერზე და მოდით ასე გავაკეთოთ, არჩევნების ღირსეულად ჩატარება – ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიზანი. ეს ყველას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რადგან არჩევნებით შეაფასებენ რომელიღაც პოლიტიკურ ძალას კი არა, ქვეყანას“, - განაცხადა გახარიამ.
დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა 68 პარტიამ, საიდანაც 20-მა უკვე გაიარა რეგისტრაცია ცესკოში.
გახარია პრემიერ-მინისტრი 2019 წლის შემოდგომაზე გახდა. დღეისათვის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგების მიხედვით საზოგადოება მის მიმართ უფრო მეტი სიმპათიებით არის განწყობილი, ვიდრე პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.