თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის შეურაცხმყოფელ გამონათქვემებზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული განცხადება ნინო ლომჯარიას მიერ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას მოჰყვა.
ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მან „ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ხოლო, ჯგუფური აგრესია „ძალიან არაქართულია”. პრეზიდენტის სიტყვებს საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება მოჰყვა.
სახალხო დამცველის თქმით, ძალადობის რომანტიზება - ერთი ერთზე იქნება ეს თუ ჯგუფური, დაუშვებელია. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ასეთ საკითხებზე საჯარო პირების განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა.
„თუმცა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი-კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და თუნდაც მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, რომელიც შემდგომში სასამართლოს მიერ დადასტურდა“, - წერია განცხადებაში.
ადმინისტრაციის განმარტებით, სახალხო დამცველი არასდროს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე. და ეს მაშინ, როცა ლომჯარია სხვა პოლიტიკოსი ქალებისა და აგრეთვე მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს.
„მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 15 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე“, -ა ღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, ზურაბიშვილის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ.
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა – იგი 18 ივლისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეეულებაზე იმყოფებოდა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირება მოგვიანებით საავტომობილო გზატკეცილზე გაგრძელდა, რის შემდეგაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.