თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს მოსახლეობის მთავარი პრობლემები — ეს უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდაა, ამასთან, უმეტესობას მხოლოდ ერთი თვის სამყოფი ფინანსური მარაგი აქვს — ასეთი შედეგები აჩვენა კომპანია Edison Research–ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ტელეკომპანია Formula TV–მ დაუკვეთა.
გამოკითხვა მიმდინარე წლის 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ტარდებოდა — კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ. ოფიციალური მონაცემებით, ეპიდემიის დროს სამუშაო დაახლოებით 500 ათასმა ადამიანმა დაკარგა.
რესპონდენტებს უნდა დაესახელებინათ ქვეყნის მთავარი პრობლემები, რომელტა პირველი სამეული ასე გამოიყურება:
- უმუშევრობა — გამოკითხულთა 72%;
- სიღარიბე — 61%;
- ფასების ზრდა — 48%.
კორონავირუსი მთავარ პრობლემად მხოლოდ გამოკითხულთა 16%-მა დაასახელა. ამასთან, ზუსტად ნახევარმა განაცხადა, რომ პანდემიის გამო მათ ან მათი ოჯახების წევრებს შემოსავლები შეუმცირდათ.
გამოკითხულთა 64% აცხადებს, რომ ფინანსური შესაძლებლობები მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში ეყოფათ პროდუქტებისა და აუცილებელი საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესაძენად.
გამოკითხის ყოველი მეოთხე მონაწილე აღნიშნავდა, რომ სამი თვის სამყოფი ფინანსები ჰქონდა, 6%-ს ნახევარი წლის სამყოფი მარაგი აღმოაჩნდა, ხოლო უფრო მეტი — 5%-ს.
რესპონდენტთა 8%-მა განაცხადა, რომ გაზრდილი ფასების გამო აუცილებელი პროდუქტების შეძენა გაუჭირდათ, ხოლო 82% აღნიშნავს, რომ პროდუქტში იმაზე მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე აქამდე. 7%-ისთვის ფასები იგივე დარჩა.
ამასთან, გამოკითხულთა 81% შიშობს, რომ უახლოეს მომავალში საერთოდ ვეღარ შეიძენს კვების პროდუქტებს ოჯახისთვის, და მხოლოდ 19%-ია დარწმუნებული საკუთარ მომავალში.
ამავდროულად, რესპონდენტთა 74%-ს არ სჯერა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენა პანდემიის შემდეგ.
გამოკითხვა პირდაპირი ინტერვიუს სახით ჩატარდა თბილისსა და რეგიონებში. მასში მონაწილეობა მიიღო ორი ათასმა სრულწლოვანმა მოქალაქემ. გამოკითხვის ცდომილება +/- 2,1%-ს შეადგენს.