თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ გამოეთიშება და დარჩენილი ერთი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცემა, ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აბიტურიენტისთვის ეს შანსი შესაძლებელი გახდა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მუშაობის შედეგად.
„კოვიდ-ინფიცირებული აბიტურიენტისთვის დარჩენილი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით, ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით იქნა მიღებული“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აბიტურიენტი გამოცდას ჩააბარებს იმ სივრცეში, სადაც მკურნალობს. ამისთვის უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო. გამოცდას დაესწრებიან ექიმები და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
კორონავირუსი დაუდგინდა აბიტურიენტ გოგონას, რომელიც გამოცდას 7 ივლისს აბარებდა. მან თერმოსკრინინგი წარმატებით გაიარა, მაგრამ მოგვიანებით ტემპერატურა აეწია, შემდეგ კი კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.
მასთან ერთად მყოფი ცხრა აბიტურიენტი გამოიკვლიეს, მაგრამ მათ ვირუსი არ აღმოაჩნდათ. ეს აბიტურიენტები საკარანტინო სივრცეში განათავსეს. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებათ PCR ტესტი და გამოცდებსაც სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში აბარებენ, აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. წელს გამოცდებს 24 საგამოცდო ცენტრში დაახლოებით 39 ათასი აბიტურიენტი აბარებს.
სიფრთხილის კიდევ ერთი ზომა - აბიტურიენტების ნამუშევრები კარანტინის მერე შემოწმდება>>
გამოცდები, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ რეჟიმში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.