თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ქონებას სასამართლოში იყოფენ, განუცხადა ჟურნალისტებს სპორტსმენის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, სამოქალაქო სარჩელზე მორიგი პროცესი ხუთშაბათს გაიმართა და მოსამართლემ დოროყაშვილის ადვოკატს სარჩელის დაზუსტება და სამართლებრივი დასაბუთების წარდგენა მოსთხოვა.
„სასამართლომ მოსარჩელე მხარეს დაავალა დააზუსტოს სარჩელი, ჩამოაყალიბოს სამართლებრივი დასაბუთება და წარმოადგინოს. როდესაც მივიღებთ დაზუსტებულ სარჩელს, ჩვენც ვუპასუხებთ შესაგებლით და გაგრძელდება ან არ გაგრძელდება პროცესი“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატმა უარი თქვა სარჩელის შინაარსის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ეს ეხება ოჯახს, პერსონალურ ინფორმაციას, ფინანსურ მდგომარეობას და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
ამასთან, ბასილაშვილს ეკრძალება ყოფილ ცოლსა და ბავშვთან მიახლოება. ყოფილი მეუღლე ჩოგბურთელს ბავშვის თანდასწრებით ჩადენილ ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ჩოგბურთელი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ორი დღის შემდეგ 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეზე განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია.
„ასეთი ცოლი კია ფითილმოკიდებული ნაღმი...“ – ნეკა დოროყაშვილის თამამი ფოტოები ბათუმიდან >>
ბასილაშვილი - მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, АТР-ს სერიის სამი ტურნირის გამარჯვებულია. თავის კარიერაში 28 წლის ჩოგბურთელმა თითქმის 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 343 ათასი - ამ სეზონზე.