თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარის სარჩელი და ძალაში დატოვა ყველა შემაკავებელი ორდერი, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრებს ყოფილი რძლის მიმართ ჰქონდათ გამოწერილი. ინფორმაციას ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უფლებადამცველების ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას, თუმცა სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი მას შემდეგ დააკავეს, რაც ბასილაშვილი და მისი მამა ჩოგბურთელის ყოფილ ცოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფაქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი შვილიც.
ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ერთი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია.
ბასილაშვილი - მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, АТР-ს სერიის სამი ტურნირის გამარჯვებულია. თავის კარიერაში 28 წლის ჩოგბურთელმა თითქმის 5,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, აქედან 343 ათასი - ამ სეზონზე.