თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“, რომელიც ზღვისპირა კურორტ შეკვეთილთან მდებარეობს, პანდემიის შემდეგ მუშაობას განაახლებს 15 ივლისის საღამოდან, აღნიშნულია პარკის ვებგვერდზე.
პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი წესების შესაბამისად, სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ღია ატრაქციონები და საზოგადოებას მოუწევს არაერთი ზოგადი რეკომენდაციის დაცვა. საუბარია სოციალურ დისტანციაზე, სამედიცინო ნიღბებზე, დეზინფექციაზე.
„პარკის ადმინისტრაცია შეგახსენებთ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, დაკავშირებულს კორონავირუსის პროფილაქტიკასთან: დაიცავით უსაფრთხო დისტანცია, ზოგადი ჰიგიენის წესები, ხველებისას ან ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი“, - ნათქვამია პარკის განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ „ციცინათელას“ ტერიტორიაზე სამედიცინო ნიღბები ან სხვა ნარჩენები უნდა განთავსდეს სპეციალურ სანაგვე ურნებში. დაცული უნდა იყოს ატრაქციონებზე ქცევის წესები. პარკი ყოველდღიურად, 18:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე, იმუშავებს.
გასართობი პარკი „ციცინათელა“ ბათუმიდან 40 კილომეტრის დაშორებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ურეკსა და ქობულეთს შუა მდებარეობს. „ციცინათელა“ 2006 წელს გაიხსნა. პარკში 36 გასართობი ატრაქციონია, მათ შორის, 8 საბავშვო, 17 საოჯახო და 11 ექსტრემალური. არის ასევე სათამაშო ავტომატების დარბაზი და საბავშვო ლაბირინთი „ბედნიერი ქალაქი“.