თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში 15 ივლისს დამთვალიერებლებისთვის დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, რომელიც ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
60 ჰექტარი ფართობის მქონე დენდროპარკში თავმოყრილია 150-ზე მეტი უნიკალური სახეობის ხეები, რომლებიც ივანიშვილმა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ შეკრიბა. პარკში, უნიკალური ხეების გარდა, მცირე ზომის ტბაა, სადაც ფრინველის 58 სახეობაა გავრცელებული – თუთიყუშების სხვადასხვა სახეობიდან დაწყებული, ვარდისფერი ფლამინგოებით დამთავრებული.
დენდრარიუმის გახსნაზე ათასობით ადამიანი მივიდა. პარკი ყოველდღე და უფასოდ იმუშავებს.
„ამ პარკის გახსნას 2016 წლიდან ველოდებოდით. ყველას ძალიან მოგვეწონა, განსაკუთრებით, ფრინველების დიდი კოლექცია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეგროვდა. დავიცდით და ხალხის ნაკადი რომ შემცირდება, კიდევ დავბრუნდებით აქ, რომ ყველაფერი კარგად დავათვალიეროთ“, – განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ბათუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
როგორც „Sputnik–საქართველოს“ პარკის პრეს-სამსახურში განუცხადეს, დენდრარიუმის ტერიტორიაზე არ შეიძლება მოწევა, ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის ველოსიპედითა და სავალი გორგოლაჭებით. პარკში შესვლა აკრძალულია ცხოველებთან ერთად, არ შეიძლება იქ მყოფი ბინადრებისთვის საკვების მიცემა. ბავშვები მშობლებმა უნდა გააკონტროლონ.
პარკი ზაფხულში იმუშავებს 09:00-დან 19:00 საათამდე, შემოდგომაზე და გაზაფხულზე – 10:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო ზამთარში – 11:00-დან 17:00 საათამდე.