საქართველოში შეღავათებით საწვავზე 90 ათასმა ფერმერმა ისარგებლა

გამოწერა
ფერმერებმა, რომლებმაც დიზელის საწვავზე თავიანთი საშეღავათო ბარათები გაანაღდეს, ჯამში 3 მილიონ ლარამდე ეკონომია გასწიეს.

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები 90 ათასზე მეტმა ფერმერმა მიიღო, ნათქვამია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის შეღავათიან ფასებში მიწოდება საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს დახმარების განმსაზღვრელ ფაქტორს.

საგაზაფხულო სამუშაოები - Sputnik საქართველო
იაფი საწვავი ფერმერებისთვის: როგორ იმუშავებს სქემა

ფერმერებმა ფასდაკლების ბარათები 25 ათას ტონაზე მეტ დიზელის საწვავზე მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს.

პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების მიზნით, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერმა 1 ივლისამდე შეძლო კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%-ის განაღდება, თუ სულ მცირე 100 ლიტრი საწვავი აიღო. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლები იყო, ფერმერებს შეეძლოთ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენება.

1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება კუთვნილი საწვავის დამატებით 20%-ის განაღდება არანაკლებ 300 ლიტრის შემთხვევაში. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ. 1 სექტემბრიდან კი მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორ დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება სოფელს: ახალი პროგრამები და შეღავათები>>

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

პროგრამის ფარგლებში 1 ლიტრი საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე 1,16 ლარია. SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე 1,5 ათას ლიტრზე მეტი საწვავის შეძენისას – 1,07 ლარი.

სულ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 ათას ფერმერს.

დამატებითი დახმარება ფერმერებს

70 ათასზე მეტ ფერმერს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე ფართობის დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, აგრობარათებზე უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 14 მლნ ლარს აჭარბებს.

რთველი კახეთში - Sputnik საქართველო
გარანტიები მევენახეებისთვის, ანუ სოლიდარობა სუბსიდირების სახით

აგრობარათებით, რომლებზეც დარიცხულია როგორც თანხა (200 ლარი 1 ჰექტარზე), ისე ქულები, ფერმერებს შეუძლიათ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენა, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდა.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14 ათასზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება.

აგროდაზღვევის პროგრამაში სიახლეა ის, რომ მრავალწლიანი კულტურების დაზღვევა სეტყვის, წყალდიდობის, ქარიშხლისა და შემოდგომის ყინვებისგან სამი წლით არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სახელმწიფო, სხვადასხვა მოცულობით კულტურის სახეობის მიხედვით, მონაწილეობას მიიღებს სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებაში.

შიდა ქართლში კალიებს ებრძვიან>>

წელს შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს. სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს 5-დან 100 ათას ლარამდე იმ კრედიტის პროცენტს, რომელიც ერთწლიანი კულტურების წარმოების განვითარებაზეა აღებული. კრედიტი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.

ბოლო მონაცემებით, უკვე გაცემულია 1 317 აგროკრედიტი. კრედიტის საერთო თანხა 24 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის სააგენტოს მიერ კრედიტის პროცენტის თანადაფინანსება 1,9 მლნ ლარზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0