საქართველოს მთავრობას შეზღუდვების შემოღების უფლება წლის ბოლომდე მიენიჭა

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობას პარლამენტის თანხმობისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საჭირო შეზღუდვების დაწესება წლის ბოლომდე შეუძლია.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში იმ ცვლილებების მოქმედება, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს.

გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები საქართველოში – დეპუტატები შესწორებებზე მსჯელობენ >>

ნორმის მოქმედების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, ერთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

ცვლილებები, რომლებიც მთავრობას ანიჭებს უფლებას – პანდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და პარლამენტის თანხმობის გარეშე დაარეგულიროს საჯარო უწყებების საქმიანობის საკითხები, არის მიღებული 22 მაისს, როდესაც კორონავირუსის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა იწურებოდა. მაშინ ამ უფლების ხანგრძლივობა განისაზღვრა 15 ივლისამდე ვადით.

დღევანდელი გადაწყვეტილებით პარლამენტი ახანგრძლივებს ამ უფლებამოსილების მოქმედების ვადას 2021 წლის 1 იანვრამდე. კერძოდ: სიტუაციიდან და საჭიროებიდან გამომდინარე მთავრობას აქვს უფლება შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური აქტივობა, აკრძალოს მასობრივი სპორტული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ.

თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია

ამავე დროს მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას და იყოს განპირობებული კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ისინი აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

შეზღუდვები უნდა იყოს პროპორციული, ხოლო მათი შემოღებით მიღებული სარგებელი აჭარბებდეს ზარალს, ასევე შეზღუდვები არ უნდა არღვევდეს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

ხელისუფლებას ასევე ადამიანების კარანტინსა ან იზოლაციაში გამწესების უფლება ექნება. თუმცა თითოეული ასეთი ადამიანი შეძლებს აიყვანოს ადვოკატი, ახლობლებსა და დამსაქმებელს აცნობოს თავისი ადგილმდებარეობა. ასევე ექნება უფლება იცოდეს კარანტინში გამწესების მიზეზები.

საქართველო, როგორც მთელი მსოფლიო, კორონავირუსის მეორე ტალღის მოლოდინშია, ამიტომ მთავრობა ეპიდემიოლოგებთან ერთად მის დასახვედრად ემზადება.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • აკრძალულია სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კულტურული და გასართობი ღონისძიებების გამართვა დასაშვებია მხოლოდ ღია სივრცეებში, გამონაკლისია მუზეუმები
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).
ყველა ახალი ამბავი
0