გაგრძელდება თუ არა შეზღუდვები საქართველოში – დეპუტატები შესწორებებზე მსჯელობენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტმა დაჩქარებული რეჟიმით უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მთავრობა ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას წლის ბოლომდე შეძლებს საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. დეპუტატები სამშაბათს რიგგარეშე სესიის ფარგლებში განიხილავენ ცვლილებებს კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, რომელიც მთავრობას 2020 წლის ბოლომდე უფლებას აძლევს, დააწესოს შეზღუდვები ქვეყანაში პარლამენტის თანხმობის და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

საქართველოში შეზღუდვების ვადები გახანგრძლივდება? გადაწყვეტილება პარლამენტზეა>>

პირველად შესწორებები კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“, რომელმაც მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა, დეპუტატებმა 22 მაისს დაამტკიცეს და ეს ნორმა 15 ივლისამდე მოქმედებს.

ამ ვადის წლის ბოლომდე გაგრძელების პროექტს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს, სავარაუდოდ, დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავენ.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, გააგრძელოს გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე 2021 წლის 1 იანვრამდე.

თბილისის ქუჩაში - Sputnik საქართველო
საქართველოში დღეიდან ღია სივრცეში მასობრივი ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ამ კანონის მოქმედების დრო, რომელიც მთავრობას კრიზისის სწორად მართვის საშუალებას აძლევდა, ხვალ იწურება, და თუ ეს ვადა არ გახანგრძლივდება, კორონავირუსის გავრცელების რისკები გაიზრდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო რჩება პანდემიის პირობებში და მოსალოდნელია შესაძლო უფრო მძიმე მეორე ტალღა, საჭიროა ხელისუფლებას ჰქონდეს ბერკეტი – კრიზისი ისე წარმატებით მართოს, როგორც აქამდე. ამიტომ ვადას ვახანგრძლივებთ ახალ წლამდე. ანუ წლის ბოლომდე კანონს ექნება ძალა და ხელისუფლებას – ბერკეტი, რომ მოსახლეობა დაიცვას და კრიზისი ეფექტურად მართოს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ვინ ივლის პირბადის გარეშე: ვინ მოხვდა მთავრობის „მწვანე სიაში">>

მისი თქმით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა, მთავრობა აქამდე ეფექტურად მართავდა კრიზისს და ამაზე მეტყველებს შედეგი, რომელიც განსხვავდება უფრო ძლიერი ინსტიტუტებისა და ფინანსური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოების შედეგებისგან.

„ხელისუფლების ვალდებულებაა დაიცვას მოსახლეობის ჯანმრთელობა. ყველა გონიერი ხელისუფლება ემზადება მეორე ტალღისთვის. საქართველოც იქნება ამ მზადებაში ჩართული და მთავრობას პარლამენტი უფლებას მისცემს, მართოს კრიზისი, დაიცვას მოსახლეობა და ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა ხუნდაძემ.

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა - Sputnik საქართველო
როგორ ვმართოთ ეპიდემია - საქართველოს პრემიერმა დიპლომატიურ კორპუსს ლოპოტაზე უმასპინძლა

მიუხედავად მმართველი პარტიის არგუმენტებისა, ოპოზიცია პროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს და მას მხარს არ დაუჭერს.

„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება კოვიდის ეგიდით ადამიანის უფლებების  შეზღუდვას, უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლით განხორციელებული და არ უნდა იყოს მთავრობის დისკრეციული უფლება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა.

ამასთან, რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ შესწორებების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ჯერ კიდევ პირველად დამტკიცების შემდეგ შეიტანეს. სასამართლომ სარჩელი უკვე წარმოებაში მიიღო.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.

რა უფლებებს ანიჭებს კანონი მთავრობას

კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ 22 მაისს მიღებული შესწორებების მიხედვით, მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება.

სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
შეზღუდვები კორონავირუსის დროს - რატომ დაიხურა საქართველო

გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო უფლება – შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ამავე დროს, კანონი განსაზღვრავს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას და განპირობებული იყოს კანონით ან ნორმატიული აქტით. მათი შემოღება შეიძლება, თუ შეზღუდვები აუცილებელია საზოგადოებისთვის და არ არის დისკრიმინაციული.

გარდა ამისა, შეზღუდვები აუცილებლად უნდა იყოს პროპორციული და მათი დაწესებით გამოწვეული სარგებელი აღემატებოდეს ზარალს. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია.

კანონით ხელისუფლება ადამიანების იზოლაციასა და კარანტინში გაგზავნასაც შეძლებს, თუმცა იზოლაციასა თუ კარანტინში გაგზავნილ ყველა მოქალაქეს ექნება ადვოკატის აყვანის უფლება, ახლობლებისა და დამსაქმებლისთვის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდების უფლება, კარანტინში გაგზავნის მიზეზების ცოდნის უფლება.

ამჟამად მოქმედი შეზღუდვები საქართველოში

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია დამცავი პირბადის ტარება;
  • აკრძალულია 10 კაცზე მეტის შეკრება ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე;
  • ტაქსის მძღოლს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. არ შეიძლება ორ მგზავრზე მეტის გადაყვანა, ისინი უკანა სავარძელზე უნდა განთავსდნენ.
  • აკრძალულია კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა. დაშვებულია ონლაინ–მუშაობა;
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დახურულ სივრცეში;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში დაუშვებელია სპლიტ-სისტემის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც იღებს შენობის ჰაერს, აგრილებს და უკან აბრუნებს. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომელშიც შეთავსებულია კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს ვითარებას და მუშაობს ახალ რეკომენდაციებსა და შეზღუდვებზე.

ყველა ახალი ამბავი
0