თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქალაქ რუსთავში ახალი საფეიქრო ფაბრიკა, „აჭარა ტექსტილის“ შვილობილი „ქართლი ტექსტილი“ შენდება.
როგორც პროექტის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, საწარმოში 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობა ოთხ თვეში დასრულდება. პრემიერის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში რუსთავში ახალი საწარმო შენდება.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
„აჭარა ტექსტილმა“ ფაბრიკის მშენებლობისთვის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიიღო მიწის ნაკვეთი იქ განლაგებული ნაგებობებით. კომპანია განახორციელებს 20 მლნ ლარის ინვესტიციებს, საიდანაც 10 მლნ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემული კრედიტია. საფეიქრო საწარმოში დასაქმებულების 90% ქალები იქნებიან.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
კორონავირუსის პანდემიამ გამოწვევის წინაშე დააყენა არა მხოლოდ ქართული ბიზნესი, არამედ ასევე სახელმწიფო სააგენტოც, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებაა. ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობამ გააფართოვა პროექტი „აწარმოე საქართველოში“ და ის ახლა 300-ზე მეტი სახის ბიზნეს-საქმიანობას მოიცავს.