თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების კომენტარისას.
რა ხდებოდა შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს – ვრცელდება იაკობ ბრეგვაძის გადაღებული ფოტოები>>
ახალგაზრდა სპორტსმენის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ის გაუჩინარდა წვეულების შემდეგ, სადაც სტუმრებს შორის მასობრივი კონფლიქტი მოხდა. ეს თემა ქართულ მასმედიაში ძალზე აქტუალური გახდა, ხოლო ბევრმა ოპოზიციურად განწყობილმა ექსპერტმა საგამოძიებო ორგანოების მუშაობას უნდობლობა გამოუცხადა.
„გამოძიება რომ დასრულდება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების გარკვეული მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება – სპეკულირება და ტრაგედიის გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია და ყველანაირ ფასეულობებს მიღმაა“, – განაცხადა გახარიამ.
შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული. წინასწარი სასამართლო მოსმენები 31 ივლისს არის დაგეგმილი.
პარასკევს ცნობილი გახდა დაღუპულის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები. გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა – ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო. მაგრამ შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნება ბლაგვი საგნით სიკვდილამდე მიყენებული მრავლობითი ტრავმები.
ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, პროკურატურამ საქმის კვალიფიკაციის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. სსკ-ის არსებულ მუხლებს დაემატა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება გაიმართა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.
გიორგი შაქარაშვილის საქმეში პორნოგრაფიული ვიდეო დევს? – ადვოკატის სკანდალური განცხადება>>
მოწმეები აცხადებენ, რომ გიორგიმ კონფლიქტის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაიქცა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.