თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.
შაქარაშვილის საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს – საქმეში თეთრპერანგიანი მამაკაცი გამოჩნდა >>>
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულის მიდამოებში.
„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
18 ივნისს, გვიან საღამოს მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. მათ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. აგარაკზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით ორი მანქანით, რკინის ხელკეტებით შეიარაღებული გაეშურნენ.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ამ დრომდე სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს, დილით მიმართა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს ის მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.