თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. მეტროს მემანქანეებმა მეტროსადგურ დელისთან აქცია გამართეს და პანდემიის პერიოდში კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მეტროპოლიტენი ორი თვე გაჩერებული იყო.
მემანქანეების განცხადებით, პანდემიის პერიოდში ხელმძღვანელები დაპირდნენ, რომ ხელფასს სრულად ჩაურიცხავდნენ, თუმცა ხელფასები დანაკლისით ჩაერიცხათ.
„მოხდა ისე, რომ უმრავლესობამ ბანკებისგან არ ისარგებლა საშეღავათო პერიოდით და მოხდა ისე, რომ ხელფასის ჩარიცხვისას, თითო მემანქანეს საშუალოდ 400 ლარი დააკლდა. 29 მაისს, როცა მოძრაობა გაიხსნა და საგანგებო მდგომარეობაც აღარ იყო, სამი დღის თანხა საერთოდ არ ჩარიცხეს, ვისაც ჩაურიცხეს უკან აჭრიან და ამ საკითხზე გვინდა მერთან შეხვედრა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მერიის ინფორმაციით, ინსტრუქტორ-მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2,1 ათას ლარს აღემატება, მემანქანის — 1,8 ათას ლარზე მეტს, თუმცა თავად მემანქანეები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 29 მაისს განაახლა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა.