თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა საქართველომ“ ცესკოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შეიტანა დამოუკიდებელი სუბიექტის სახით - „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ - ის არ გეგმავს რომელიმე ბლოკში გაერთიანებას, განუცხადა Sputnik-საქართველოს პარტიის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 31 ოქტომბერს ჩატარდება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნები ახალი სისტემით - 120/30 - გაიმართება.
მაჟორიტარული ოლქები 2020 წელს შენარჩუნდება, მაგრამ 73-ის ნაცვლად 30 ოლქი იქნება. ეს მთლად ის არ არის, რისთვისაც გაერთიანდა 30 ოპოზიციური პარტია, რომელიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვდა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა სიახლემ ყველა მხარე დააკმაყოფილა.
„ჩვენ რომ დამოუკიდებლად ვიყრით კენჭს, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. თავიდანვე ვამბობდით, რომ დამოუკიდებელი კამპანიის წარმოებას ვგეგმავდით. ეს გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ ცოტა თუ იზიარებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში იმ პრინციპებსა და ხედვებს, რომლებიც ჩვენს პარტიას გააჩნია. მეორეც - უფრო მკაფიოდ იქნება წარმოდგენილი ჩვენი პოზიცია, თუ დამოუკიდებელი სუბიექტის სახით გამოვალთ“, - განუცხადა ნინო ბურჯანაძემ Sputnik-საქართველოს.
რატომ არა საერთო პარტიული სიით
იდეა, რომ საქართველოს გაერთიანებულ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით საერთო პარტიული სიით მიეღო მონაწილეობა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ბურჯანაძეს ამ ინიციატივაზე უკიდურესად მძაფრი რეაქცია ჰქონდა და მან განაცხადა, რომ იდეა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას ემსახურებოდა, რასაც იგი არ დაუშვებდა.
„ერთიანი სიის იდეა ეკუთვნოდა სააკაშვილს, რომელიც ვერაფრით ვერ დამშვიდდა და ვერ დაკავდა თავისი საქმით უკრაინაში. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მე და ჩემი პარტია არასოდეს ვიქნებით ერთიან სიაში, რომელსაც წარმოადგენს სააკაშვილი. თქვენთვის ცნობილია ჩვენი ურთიერთობის ისტორია და ჩემი შეხედულება საქართველოსთვის ზიანის მომტან მის პოლიტიკურ ფიგურაზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
გაერთიანებული ოპოზიცია - კოალიცია არ არის
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების გასატარებლად და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, ამბობს ბურჯანაძე და აღნიშნავს, რომ ეს არის თავისებური თემატური ერთობა და არა ერთიანი ბლოკი ან სუბიექტი.
„ოპოზიციური მაგიდის ყველა სუბიექტი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან არა მხოლოდ ფასეულობებით და პრინციპებით. პოლიტიკურ ლიდერებსა და პარტიებს შორის საკმაოდ რთული ურთიერთობებია. მაგრამ აქ მთავარი, რასაკვირველია, არის განსხვავებული პრინციპები, შეხედულებები და ფასეულობები“, - ხაზი გაუსვა ბურჯანაძემ.
პოლიტიკოსის მტკიცებით, ოპოზიციის ლიდერები გააგრძელებენ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი მიზნისთვის - არ დაუშვან არჩევნების გაყალბება. ამისათვის ოპოზიცია გეგმავს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხმებს დაიცავს.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, ბურჯანაძის პარტიას გადაწყვეტილი აქვს, არ წამოაყენოს კანდიდატები თბილისში და ძალები რეგიონებში მოსინჯოს.