ძალა ერთობაში აღარაა: „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება დატოვოს თანამოაზრეთა კოალიცია

© photo: Sputnikგიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური პარტია - „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვებს კოალიცია „ძალა ერთობაშიას“, ოპოზიციური გაერთიანების შანსები არჩევნებზე მნიშვნელოვნად შემცირდება

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ადასტურებს და არც უარყოფს ხმებს თავისი გასვლის შესახებ ოპოზიციური კოალიციიდან „ძალა ერთობაშია“, მაგრამ ღიად გამოთქვამს უკმაყოფილებას იმით, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მასში მათ ზურგს უკან მიიღება.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ გაერთიანებული ოპოზიციური კოალიციიდან მისი პარტიის გასვლის შესახებ ხმების კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ კოალიციაში ანგარიში უნდა გაუწიონ „ნაციონალურ მოძრაობას“.

ოპოზიციურ-ქალური სოლიდარობა - ნინო ბურჯანაძემ ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი დაუჭირა >>

„საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ სამდივნო და შემდეგ პოლიტიკური საბჭო. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხება კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ვთქვათ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი პრემიერ-მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ზურგსუკან იყო გაკეთებული განცხადებები და კამპანიაც წარმოებული ამასთან დაკავშირებით... საკმაოდ პრობლემატური ნაბიჯებია, მაგრამ ჩვენ ამ მომენტისთვის არ მიგვიღია არანაირი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, პარტიაში საკმაოდ ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა, მიმდინარეობს აქტიური მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ჩვენი ამოცანაა, არჩევნებზე ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთან და ერთიანი პოზიციები გვქონდეს. იცით თქვენ, რომ სააკაშვილმა შესთავაზა პარტიებს ერთიანი სია, ეს არ იყო მიღებული, მაგრამ შეგვიძლია სხვა მიმართულებებითაც ვითანამშრომლოთ. ჩვენი შეთავაზება ძალაშია მაჟორიტარებთან მიმართებაში თბილისში, ამიტომ რვა მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორში დავასახელეთ კანდიდატურა, დანარჩენი ექვსი პარტნიორებს დავუთმეთ“, – განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან მას არ უხსენებია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ დატოვებასთან დაკავშირებით. ეს კოალიცია ათმა ოპოზიციურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ნაციონალების“ კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის მიზნით შექმნა.

რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
„წინასაარჩევნო ვნებანი“: „ნაცმოძრაობა“ „ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანისთვის ემზადება

„ძალა ერთობაშიას“ შესაძლო დაშლის შესახებ ხმების გაქარწყლებას შეეცადა კოალიციის წევრი ნიკა მაჭუტაძე, რომელმაც ამ ხმებს „ზედმეტად გადაჭარბებული“ უწოდა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებას არ დატოვებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ჩემი დადასტურებული ინფორმაციით, არის ერთგული შეთანხმებისა. მას არ გაუკეთებია არავითარი განცხადება, რომელიც გულისხმობდა ამ შეთანხმებიდან ან კოალიციიდან გასვლას. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციას არ დატოვებს. გია ბარამიძის განცხადებაში, რასაკვირველია, არის ის მარცვალი, რომელიც შესაძლოა, კოალიციაში არსებულ გარკვეულ სირთულეებს ასახავს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური კოალიცია და პოლიტიკურ კოალიციაში, როგორც წესი, არის ხოლმე სირთულეები, რომლებიც უნდა გადაილახოს და გადაილახება“, – აცხადებს ნიკა მაჭუტაძე.

ოპოზიციური გაერთიანების დაწყებული დაშლისა და კოალიციიდან „ნაცმოძრაობის“ გასვლის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა, შემდეგ კი ის სხვა მედიებმაც აიტაცეს.

აშშ-მა საქართველოს ფინანსური დახმარება გაუყინა? დეპუტატები სკანდალურ ინფორმაციას უარყოფენ >>

აღნიშნულის დასტურად ტელეკომპანიას მოჰყავს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ „ძალა ერთობაშია“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, მაგრამ არავინ არ იცის, ხვალ რა მოხდება.

„ძალა ერთობაშიას“ წევრები ასევე აცხადებენ, რომ წერილობითი შეთანხმების მიუხედავად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებზე მათთან ერთად თუ დამოუკიდებლად.

ეს საკითხი ჯერჯერობით ღიად რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0