09:08 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
151 0 0

საქართველოს პარლამენტში არ დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერა.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს ვაშინგტონის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაყინვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. 

ქართულმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა საქართველოს ფინანსური დახმარება შეუჩერა – საუბარია ფინანსური დახმარების პაკეტის 15%-ზე. ამასთან, აღინიშნა, რომ დაფინანსება აღდგება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის განმტკიცების მიმართულებებით ზომებს მიიღებს.

„ეს სიცრუეა. ძალზე სამწუხაროა, რომ ისინი (ოპოზიციის წარმომადგენლები) მსგავს სიცრუესა და დეზინფორმაციაზე  საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის აგებას ცდილობენ. კონგრესს არაფერი გაუყინავს, არანაირი შესწორებები კონგრესს არ მიუღია. ეს არის სიცრუე და დეზინფორმაცია. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან.

როგორც მან აღნიშნა, მოცემულ მომენტში საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაყინვის თაობაზე წინადადება მხოლოდ კანონპროექტის დონეზეა, რომელიც აშშ-ის კონგრესის ერთ-ერთ კომიტეტში იქნა ინიცირებული და რომელსაც „ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე და კენჭისყრამდე მივიდეს“.

თუ რა დოკუმენტზეა საუბარი, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განმარტა.

„ეს კანონპროექტი ეხება წმინდა ტექნიკურ საკითხს, ელექტრონულ კომუნიკაციებს, და განსაზღვრავს სახელმწიფოს ურთიერთობებს ტექნიკურ ნაწილში. იგი ვერანაირად ვერ შეეხება და არც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მედიის თავისუფლებას და ინტერნეტ–სივრცის თავისუფლებას“, – აღნიშნა ვოლსკიმ. 

რაზეა საუბარი კანონპროექტში?

კანონპროექტში, რომელიც 326-გვერდიანია, მითითებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის პრიორიტეტები. დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს შეიძლება აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების მოცულობა 19,8 მლნ დოლარით შემცირდეს. 

მთლიანობაში, საქართველოსთვის 2021 წელს ფინანსური დახმარება არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარის ფარგლებშია გამოყოფილი. თუმცა, გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად დოკუმენტში მითითებულია დახმარების მიღების პირობები.

კერძოდ, ამ თანხის 15%-ის საქართველოსთვის გადაცემა შეიძლება შეჩერდეს მანამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დარწმუნდება, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს კორუფციასთან ბრძოლის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით.

კანონპროექტში აღნიშნულია შემდეგი პუნქტები, რომლებიც საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს:

·  დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება

·  მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლა ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით

·  დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროებისგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებელი, რასაც საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტში აღნიშნულია: კონგრესის გადაწყვეტილება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ მიმართულ პროგრამებს.

2019 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი თბილისს 132 025 000 დოლარის ფარგლებში ფინანსური დახმარების უპრეცედენტო პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ იყო საუბარი 2020 წლის ასიგნებათა კონსოლიდირებულ აქტში. კონგრესის მიერ დამტკიცებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფინანსო დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.

მთავარი თემები