თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. გარე სისტემებზე მომუშავე კონდიციონერების ჩართვა შენობაში საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ ფანჯრები ღიაა, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ Facebook-ლაივში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერების ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, მისივე თქმით, სავალდებულოა, რომ კონდიციონერის ჩართვის დროს ადამიანებს პირბადე ეკეთოთ.
„ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის უახლესი გაიდლანი დაიდო, სადაც ასე ვთქვათ ამ ეტაპზე წერტილი დაესვა იმას, რომ თუ ჩართულია კონდიციონერი, რომელიც შიგნით არ ატრიალებს ჰაერს და აქვს ოთახს გარეთ მიმოცვლა, ღია ფანჯრების ფონზე, საშიშროებას არ წარმოადგენს. ღია ფანჯრების პირობებში კონდიციონერების ჩართვა შესაძლებელია. მხოლოდ იმ პერიოდში აბიტურიენტებს და ყველას, ვინც იქ ბრძანდება, უნდა ეკეთოთ პირბადე. ჩვენ ვმუშაობთ, ალბათ იგივე უნდა გავრცელდეს ტრანსპორტზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ. თუ ისინი პირბადის გარეშე იქნებიან, მათ გამოცდაზე არ დაუშვებენ. თითოეულ აბიტურიენტს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. თუ საგამოცდო ცენტრებში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიციონერს ჩართავენ, თუმცა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა პირბადეები უნდა გაიკეთონ.
„Sputnik-საქართველოს“ ჟურნალისტი დაუკავშირდა ელექტროტექნიკის კომპანია „მიდეას“ კონდიციონერების მონტაჟის სპეციალისტს პაატა გულისაშვილს კითხვით, აქვს, თუ არა შედეგი ღია ფანჯრების დროს კონდიციონერის მუშაობას.
„შენობაში, სადაც ღია ფანჯრებია, კონდიცირება არ მოხდება. კონდიციონერის მუშაობის პრინციპი აგებულია იმაზე, რომ შენობა, სადაც განთავსებულია ტექნიკა, დახურული უნდა იყოს. ღია ფანჯრების შემთხვევაში მისი მუშაობა უშედეგოა, ჰაერი არ გაგრილდება“, - განაცხადა პაატა გულისაშვილმა.
ქართველ აბიტურიენტებს პანდემიის პირობებში პირველად მოუწია უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩაბარება. პირველი გამოცდა 6 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდებზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი 25 ივლისს დასრულდება.