ფიტნეს–ცენტრებისა და საცურაო აუზების მფლობელებს პირობები წაუყენეს

გამოწერა
საქართველოში არსებული გამაჯანსაღებელი ცენტრები საქმიანობის განახლებას შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებენ.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების ინსპექტირება იწყება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო
ფიტნეს–ცენტრების და საცურაო აუზების გახსნა საფრთხეს არ შეიცავს: ეპიდემიოლოგის განმარტება

გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ. შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში ობიექტები საქმიანობას განაახლებენ.

რეგულაციების თანახმად, ფიტნეს–ცენტრებში ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე დაიშვება ერთი ადამიანი. ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადების გამოყენება ჭადრაკის დაფის პრინციპით უნდა მოხდეს, ხოლო პირსახოცები ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს.

რაც შეეხება ჯგუფურ ვარჯიშებს, დარბაზში ნებადართულია ერთდროულად არაუმეტეს 10 ადამიანის ყოფნა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, შემოღებული რეგულაციები მოქალაქეებს ვირუსისგან დაიცავს.

რაც შეეხება აუზებს, მათ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვის ეფექტის მქონე რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. 

საცურაო აუზი - Sputnik საქართველო
საცურაო აუზები და ფიტნეს–დარბაზები იხსნება? – უწყების განმარტება

საცურაო აუზების მფლობელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ ახალი წესების თანახმად, მათ ყოველდღიურად მოუწევდათ აუზებში წყლის 10%-ის შეცვლა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპრომისული ვარიანტი შესთავაზეს.

„ეს იყო გამოწვევა, რაზეც აქცენტს აკეთებდნენ აუზების წარმომადგენლები. ჩვენ გავითვალისწინეთ და გადავწყვიტეთ, რომ 24 საათის განმავლობაში წყლის 5%-ის შეცვლა იქნება აუცილებელი. ამ გზით მოხდა მათი მოთხოვნის გათვალისწინება და კომპრომისული ვარიანტის შეთავაზება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

როგორც ადრე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, კორონავირუსის გავრცელების კუთხით უფრო დიდი საფრთხის შემცველია მასობრივი თავშეყრის ადგილები, ვიდრე ფიტნეს–ცენტრები და საცურაო აუზები.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების ექვსეტაპიანი გეგმის თანახმად, ფიტნეს–დარბაზებისა და საცურაო აუზების გახსნა ბოლო ეტაპზე იყო დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0