თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საქმის გამოძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოჯახური ძალადობის შესახებ.
როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, 9 წლის გოგონას მიმართ დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განხორციელდა.
ამის შესახებ ეცნობა პოლიციას, რომელმაც თავის მხრივ მომხდარის შესახებ სოციალური მომსახურების სამსახურს აცნობა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ცისანა ჩიკვაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გოგონა უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
„ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, იგი უსაფრთხო ადგილზეა. ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანი იმყოფება და საჭიროა ამ ბავშვების მდგომარეობის შესწავლა და შემთხვევის მართვა, შემდეგ დაიგეგმება კიდევ ორი არასრულწლოვანის ბედი. ჩვენ მეტად ჩართული ვიქნებით. სამედიცინო ჩარევა ბავშვს არა დაზიანების, არამედ ემოციურ ფონზე დასჭირდა. სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჰქონდა ტრავმები. პოლიციას დედის ახლობელმა მიმართა", - აცხადებს ცისანა ჩიკვაიძე.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით - ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ.
მედიის ინფორმაციით, დედა უზბეკეთის მოქალაქეა. 9 წლის გოგონას გარდა, ოჯახში კიდევ ორი არასრულწლოვანია. მათთან სოციალური მუშაკები მუშაობენ.
ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ თავდაპირველად ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ გვერდზე გამოჩნდა, შემდეგ ფაქტით ტელევიზია დაინტერესდა.