სწორედ ასეთი ფოტოების ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, ჩემი ქვეყნის ტურისტი გავმხდარიყავი. თქვენც ამას გირჩევთ – დაიწყეთ მოგზაურობა საკუთარი ქვეყნის შეცნობით.
ალბათ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დიდი სურვილი გაგიჩნდებათ საკუთარი თვალით ნახოთ და შეიგრძნოთ ის სილამაზე, რასაც ლაკუმურაშ ტობა ჰქვია.
ტბა ლაკუმურაშ ტობა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2550 მეტრზე მდებარეობს. ეს ადგილი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი, თუმცა გასაოცრად თვალწარმტაცი და საუცხოოა.
აქ მოსახვედრად მოლაშქრეებს დიდი სირთულეების გადალახვა უწევთ. ამიტომ დამწყები და საშუალო დონის მოლაშქრეებისთვის ეს ადგილი რეკომენდებული არ არის. აქ მოხვედრა ორი გზითაა შესაძლებელი – ხაიშიდან და ტობავარჩხილის ტბიდან. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 70 კილომეტრია და გასავლელად 3-4 დღე დაგჭირდებათ.
ხაიშიდან სოფელ ვედამდე სამანქანე, გრუნტიანი გზა მიდის. ზედა ვედადან კი იწყება ბილიკი, რომელიც ტბამდე მიგიყვანთ. საფეხმავლო ბილიკი ძალიან დაშორებულია დასახლებულ პუნქტს. ტბამდე მისასვლელად არაერთი სირთულის გადალახვა მოგიწევთ. გზად შეგხვდებათ გაუვალი მაღალი ბალახები და ეკალბარდები, მოგიწევთ მდინარეების კვეთა და გარკვეული პერიოდი წყალში სიარული, სიმაღლის აწევა 1300 მეტრამდე და ბოლოს ყველაზე რთული მონაკვეთი – ტბის ძირში დიდი დახრილობის კლდოვან ფერდობზე აცოცება. ამას ემატება სიცივე. გაითვალისწინეთ, GPS მოწყობილობის გარეშე ტბაზე წასვლა ძალიან სახიფათოა.
გზად მწყემსების ქოხს და ორ საბანაკე ადგილს გაივლით. მწყემსები მოლაშქრეების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობით და სტუმარმასპინძლობით გამოირჩევიან. მათი ყველი და სხვა რძის პროდუქტები უგემრიელესია. შესაძლოა ასეთი სხვაგან ვეღარასოდეს გასინჯოთ.
გზად არაერთ თვალწარმტაც სანახაობას შეხვდებით. ესენია: შურუბუმუს მღვიმე, მინერალური წყალი ლუგელა, გვალაშარას ჩანჩქერები, ღუნჯის ჩანჩქერები, ტობავრჩხილის ტბა, კალაშის ტბა და სხვ.
ლაკუმურაშ ტობას გარს ერტყმის უზარმაზარი კლდეები, ალპინისტებისთვის სასურველი საკბილო, რომლებსაც უარყოფითი დახრილობა აქვთ და საოცარ სანახაობას ქმნიან. ტბის უკან მდებარეობს თვალუწვდენელი მყინვარი, სადაც დაახლოებით 50 მეტრი თოვლი დევს მუდმივად. აქედან იშლება საოცარი ხედები სვანეთის ულამაზეს მთებზე. კარგ ამინდში იალბუზსაც კი დაინახავთ.
კლდოვანი ფერდის სიმაღლე დაახლოებით 200 მეტრია. კლდეზე ასვლისას უსაფრთხოებისთვის აუცილებელია თოკების გამოყენება. ამ უკანასკნელი სირთულის გადალახვის შემდეგ თქვენ თვალწინ გადაიშლება საოცარი ხედები ლაკუმურაშის ტბაზე, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენს მეხსიერებაში დაილექება. ლაკუმურაშის ტბასთან არის საბანაკე ადგილი, სადაც კარვების გაშლას შეძლებთ. სიცივეს კი იქვე დანთებული კოცონით გაუმკლავდებით, რომელიც კლდოვანი ფერდობის ფონზე ცალკე სანახაობაა.
სალი კლდეების ანარეკლი ტბაში იმდენად დიდებულია, რომ ყველა მნახველს მოახრევინებს ქედს მის წინაშე. აქ დრო ჩერდება... ხარბად შესცქერი ბუნების ამ სილამაზეს და ტბის, კლდეების, მწვერვალების უსასრულობაში იკარგები...
ლაკუმურაშ ტობა – ადგილი, სადაც თუ ერთხელ დადგი ფეხი, მეორედ წასვლა უთუოდ მოგესურვება.