თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ბიზნესმენებს შესთავაზებს ორ ვარიანტს: კარანტინში ყოფნის საფასურის გადახდას ან კორონავირუსზე ტესტის რეგულარულ გავლას, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
სახიფათო მდგომარეობა: COVID-19 სომხეთში სწრაფი ტემპებით ვრცელდება >>
საქართველო ეტაპობრივად ხსნის საზღვრებს საერთაშორისო მოგზაურებისთვის და უკვე ცნობილია, რომ პირველები ქვეყანაში ჩამოსვლას ბიზნესმენები შეძლებენ.
„მათ შეუძლიათ აირჩიონ ტესტირების რეჟიმი, თავად უნდა შეიძინონ ტესტი და 14 დღის განმავლობაში, ყოველ 3 დღეში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. ეს არ ეხება მხოლოდ ევროკავშირიდან ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს“, - განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კარანტინის და COVID-19-ის ტესტის ფასები საკმაოდ მისაღები იქნება.
„ეს ბიზნესმენებმა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ თავადაც იყონ უსაფრთხოდ და ჩვენც ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ვართ უსაფრთხოდ და ამავდროულად, არ შეფერხდეს ინვესტორებთან კომუნიკაცია“, - განმარტა თურნავამ.
მისი თქმით, ფასიანი კარანტინი დაეხმარება სასტუმროებს, რომლებიც ძალიან დაზარალდნენ პანდემიის პერიოდში.
უცხოელების ბიზნეს-ვიზიტები არ წარმოადგენს საქართველოში ტურიზმის სფეროს შემოსავლების ძირითად წყაროს. გასულ წელს, როდესაც საქართველოში ტურიზმი აქტიურად ვითარდებოდა, მათზე უცხოელთა ვიზიტების საერთო რაოდენობის 17,4% მოდიოდა.