თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს, იუწყება საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები დაფინანსდებიან, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და გამოცდების ჩასაბარებლად საქართველოში შემოსვლას შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ.
„COVID-19-ის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი“, - აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე.
უწყების ცნობით, ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და დასრულდება 25 ივლისს. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.