თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის მიმდებარე ტერიტორიაზე კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება დაიწყო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ტერიტორია სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება. აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში – კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე თბილისის შემოგარენში ამ დროისთვის დამუშავებულია 26 ათასი ჰექტარი ფართობი.
იმ ტერიტორიებზე, სადაც კალიის გავრცელების კერებია დაფიქსირებული, პრევენციული ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, კალიის საწინააღმდეგო დამუშავება სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. აღნიშნული ღონისძიებები მწვანე საფარსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებს იცავს განადგურებისგან.
მავნებლის წინააღმდეგ უკანასკნელ წლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად კალიის პოპულაცია რეგულირებადია, აღნიშნავენ უწყებაში.