თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს ფოტოებს, სადაც უამრავი კალია ჩანს.
კალიების ეს რაოდენობა მან თბილისში, მუხიანში დააფიქსირა და თბილისის მერიას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამ ფაქტს.
საქართველოში მარტში სოციალურ ქსელებში მომხმარებლები კორონავირუსზე არანაკლებ შეაშფოთა ინფორმაციამ საქართველოში უდაბნოს კალიის შესაძლო გამოჩენის შესახებ.
მაშინ საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაგვამშვიდა, რომ უდაბნოს კალია ჩვენთან ფეხს ვერ მოიკიდებს – ის სხვა ადგილებში მოძრაობს, აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველ წელს აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში.