თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის მეუღლე ნატალია კორნევა სოციალურ ქსელში სპეციალურად ალექსისთვის შექმნილ ჯგუფში უმძიმეს წერილს აქვეყნებს.
წყვილმა 30 ივნისს ერთი წლის ალექსი დაკარგა, რომელიც თვეების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა.
ბავშვის დედის თქმით, ალექსი ბოლო ერთი კვირა რეანიმაციაში იყო, სადაც მისთვის ასვლა ჯოჯოხეთში შესვლას უდრიდა, რადგან რეანიმაციაში იმ ბავშვების ყურება უწევდა, რომლებსაც ავადმყოფობამ ფორმა დაუკარგა და უცხოპლანეტელებს დაამსგავსა.
„ალექსიც შეცვლილი იწვა, ვერ ვცნობდი მის შეშუპებულ სახესა და სხეულს. მისი ნეკნები იმტვრეოდა და გაწეული იყო სიმსივნის სიდიდისგან, კანი ასკდებოდა და ვენები ეტყობოდა, სუნთქვა უჭირდა და ზოგჯერ გმინავდა. ეს სიმსივნე ჩემს ბავშვს აწამებდა და ნელ ნელა ახრჩობდა. ეს სურათი მეხსიერებიდან და თვალებიდან აღარ გამოვა, ამის დანახვა არ შეიძლება, ფსიქიკა შეგერყევა ადამიანს. ცოფიანებივით ჩამოვდიოდით რეანიმაციიდან. ბევრი ვიბრძოლეთ. მეც ალექსისთან ერთად ვმკურნალობდი, მეც ვიკეთებდი ქიმიებს, ერთად გვტკიოდა, მეც მოვკვდი მასთან ერთად… ალექს, გვაპატიე, მაპატიე, რომ ვერ წაგიყვანე სახლში ჯანმრთელი როგორც გპირდებოდი“, – წერს ნატალი.
ალექსის რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. პატარა მკურნალობას თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში გადიოდა. თბილისში ერთი კვირის წინ დაბრუნდა. პატარა ბოლო დრომდე იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
პატარა ალექსის ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი 2020 წლის იანვარში დაუდგინდა. ოპერაციისთვის კოლოსალური თანხები იყო საჭირო, რისთვისაც საქველმოქმედო ჯგუფი შეიქმნა.
ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ სიმსივნემ უკან არ დაიხია და მდგომარეობა გართულდა, სწორედ ამის გამო ოჯახი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც გერმანიაში აპირებდნენ მკურნალობის გაგრძელებას.