თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მოქალაქეებს მოუწოდა, ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე შეიძინონ, რომელთა განრიგიც ოფიციალურად გამოქვეყნებულია სამოქალაქო ავიაციისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდებზე.
საქართველომ 1 ივლისიდან კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებას 1 აგვისტომდე არ გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ შესრულდება 11-ზე მეტი საერთაშორისო რეისი, ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვით, გარკვეული გრაფიკით.
„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია Airzena ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შეუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენ მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში“, – განაცხადა თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, ეს არასწორი ქმედებაა, რომელიც ადამიანებს რთულ ვითარებაში აყენებს, რამდენადაც ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ ძვირია.
„მოვუწოდებთ ავიაკომპანია Airzena-ს, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდებზე”, – განაცხადა თურნავამ.
მანამდე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 ივლისიდან საკუთარ საზღვრები გახსნას გარკვეული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველომ, თავის მხრივ, საერთაშორისო ავიამიმოსვლის გახსნა 1 აგვისტომდე გადადო. მიზეზი – იმ ქვეყნებში შექმნილი ეპიდვითარებაა, საიდანაც საქართველო ტურისტების ნაკადს ელოდება.