თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. ავიაკომპანია Wizz Air თავის თანამშრომლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზიდან უზრუნველყოფს იმ მომენტამდე, ვიდრე საქართველოდან არ განახლდება ფრენები, განუცხადა ჟურნალისტებს ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ანდრას რადომ ონლაინ პრესკონფერენციის მეშვეობით.
Wizz Air ქართულ ბაზარს ტოვებს? ეკონომიკის მინისტრის პასუხი >>
ამას წინათ ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ Wizz Air–ი ხურავს თავის ბაზას ქუთაისში და ათავისუფლებს თანამშრომლებს. ტელეარხის ინფორმაციით, ეს ფაქტი თითქოსდა უკავშირდება იმას, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ტურისტული სეზონის გახსნა 1 აგვისტომდე გადადო.
ეს ინფორმაცია ჯერ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უარყო. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მზად არიან აღადგინონ ყველა ფრენა ქვეყნიდან და მეტიც - დაამატონ ახალი მიმართულებები. რასაკვირველია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„ამ ეტაპზე იგეგმება ქართული ბაზის ყველა თანამშრომლის შენარჩუნება. ჩვენ შევთავაზებთ მათ სამუშაოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვიდრე არ განვაახლებთ ფრენებს“, - აღნიშნა რადომ.
მან ხაზი გაუსვა ასევე, რომ Wizz Air საქართველოში არის „ფავორიტი ავიაკომპანია“ და ამიტომ იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში ფრენების განახლებას შეძლებს.
რაც შეეხება გაუქმებულ რეისებს, რომლებზეც მოქალაქეებმა უკვე შეიძინეს ბილეთები, კომპანია მათ სამ ვარიანტს სთავაზობს: გადაცვალონ ბილეთები სხვა თარიღზე და ნებისმიერ მიმართულებაზე, მიიღონ Wizzair-ის პირად აკაუნთზე ბილეთის ღირებულების 120% ან დაიბრუნონ თანხა საბანკო ანგარიშზე. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ბოლო ვარიანტს მეტი დრო დასჭირდება.
ავიაკომპანია Wizz Air–ი ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. იგი ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის გაძლიერებას.