თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. კიევის პოლიციამ დააკავა ბანდის წევრები, რომლებიც კიევსა და კიევის ოლქში კერძო სახლებზე ყაჩაღურ თავდასხმებს ახორციელებდნენ - დაკავებულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა, იუწყება უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური.
ბანდიტური ჯგუფის წევრებს შორის ასევე უკრაინის ორი მოქალაქეა. პოლიციამ დაკავების ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.
როგორც კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ აღნიშნა, ბანდის სამ წევრს აქვს კრიმინალური წარსული, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. პირველი - 42 წლის მამაკაცი წარსულში საქართველოს ტერიტორიაზე მკვლელობისთვის ნასამართლევია, მეორე - იარაღის უკანონო შენახვისთვის.
პოლიციამ ბოროტმოქმედები დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ რამდენიმე წუთში დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის „ყაჩაღობისა“ და „ბანდიტიზმის“ მუხლებით. დაკავებულებს 15 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.