თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. გარდაიცვალა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის ბექა პატურაშვილის შვილი, ერთი წლის ალექსი პატურაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. ინფორმაცია სპეციალურად ალექსისთვის შექმნილ „ფეისბუქის“ საქველმოქმედო ჯგუფში ვრცელდება.
ალექსის რამდენიმე თვის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა. პატარა მკურნალობას თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში გადიოდა. თბილისში ერთი კვირის წინ დაბრუნდა.
პატარა ამ დრომდე იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ალექსი პატურაშვილს ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი 2020 წლის იანვარში დაუდგინდა. ოპერაციისთვის კოლოსალური თანხები იყო საჭირო, რისთვისაც საქველმოქმედო ჯგუფი შეიქმნა.
ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსის შემდეგ სიმსივნემ უკან არ დაიხია და მდგომარეობა გართულდა, სწორედ ამის გამო ოჯახი თურქეთიდან საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც გერმანიაში აპირებდნენ მკურნალობის გაგრძელებას.