გერმანიის ელჩზე ოპოზიციის თავდასხმა: საგარეო უწყება მომხდარს გმობს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხდომათა დარბაზი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლების სახელით გერმანიის ელჩს პირველი ოფიციალური ბოდიში „ქართულმა ოცნებამ“ გასულ პარასკევს მოუხადა და არა მარტო ელჩს, არამედ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა მისამართით ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა.

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ელჩებზე თავდასხმა იმ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. კიდევ ერთხელ ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს. ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო სამინისტრო გერმანიის ელჩთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებას. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
ვის უხდის ირაკლი კობახიძე ბოდიშს ოპოზიციის ნაცვლად

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ კნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება გუშინ გავრცელდა, რომელშიც დაგმობილია საქართველოში ცალკეული პოლიტიკოსებისა თუ მედიასაშუალებების მხრიდან ელჩზე თავდასხმები.

საქართველოს საგარეო უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმა პატივისცემას ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენელთა მიმართ.

„ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ ელჩები წარმოადგენენ საკუთარ სახელმწიფოებს ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისად, მათზე თავდასხმა ამ სახელმწიფოების შეურაცხყოფაა. ელჩების საქმიანობა სწორედ იმ დიდი მეგობრობისა და პარტნიორობის ანარეკლია, რაც საქარათველოს მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებისთვის მიუღებელია უპასუხისმგებლო ქმედებები, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსების, მასმედიის თუ საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს დიპლომატიური კორპუსის მისამართით.

„გერმანიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარების პროცესში. ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება და ყოველწლიურად მყარდება ჩვენი ქვეყნის ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ევროინტეგრაცია. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მეგობარი ქვეყნის – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მიმართ გაკეთებულ საჯარო კომენტარებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელისუფლების სახელით გერმანიის ელჩს პირველი ოფიციალური ბოდიში „ქართულმა ოცნებამ“ გასულ პარასკევს მოუხადა, და არა მარტო ელჩს, არამედ დასავლელ პარტნიორებს, რომელთა მისამართით ოპოზიციის მხრიდან მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმებიან

რადიკალური ოპოზიციის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კრიტიკა ჰუბერტ კნირშმა დაიმსახურა მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომ 8 მარტს დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიღწეულ შეთანხმებაში არ ფიგურირებს „პოლიტპატიმრების“, მათ შორის, გიორგი რურუას გვარი, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია მოითხოვს, და რომელმაც ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, იგი „უთანაგრძნობს“ გერმანიის ელჩს იმის გამო, რომ „ასეთ არასასიამოვნო სიტუაციაში“ აღმოჩნდა. მისი სიტყვებით, გერმანიის ელჩი ისე გამოიყურება, თითქოს იგი „თარგმანში დაიკარგა, შემდეგ კი იძულებული გახდა ბოდიში მოიხადოს“.

ამავე დროს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ელჩს ივანიშვილის რეჟიმი აფინანსებს და გერმანიის ხელისუფლებას „სამარცხვინო ელჩის გაწვევისკენ“ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო უწყება ქართველი დიპლომატების სახელით მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე ყველა დიპლომატს მათი პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

ყველა ახალი ამბავი
0