თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელის, პატიმრობაში მყოფი გიორგი რურუას მეგობრები, ასევე ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება.
„პრინციპულად მნიშვნელოვანია 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება. „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ საზოგადოების დაკვეთა ბოლომდე შეასრულოს და მიიღოს თითქმის პროპორციული არჩევნები. ასევე მას აქვს შანსი, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გამოჩნდეს სამართლიანი და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა”, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ.
ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისთვის ემზადება, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარებას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირაში მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. შესწორებების მიღებისთვის აუცილებელია 113 დეპუტატის ხმა, რომელიც უმრავლესობას არა აქვს. ამიტომ მათთვის საჭიროა ოპოზიციის ნაწილის და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და მმართველ პარტიასთან შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავენ, ვიდრე არ შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და არ გათავისუფლდება გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
მაისში, როდესაც საქართველოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დაიწყო, პროცესი რომ არ ჩავარდნილიყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეთანხმებისას დასახელებული სამიდან ორი პატიმარი – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება გიორგი რურუა, რომელზეც სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.
საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
საკონსტიტუციო შესწორებების მიხედვით, პარლამენტში 150 ადგილი ამგვარად გადანაწილდება: 120 ადგილი განაწილდება პარტიებს შორის, ხოლო 30 ადგილს მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულები მიიღებენ. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.