თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარ ავტოავარიას სამი წლის ბავშვი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც დედა–შვილი გადააადგილდებოდა, ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა – შედეგად გარდაიცვალა სამი წლის ბავშვი, რომელიც, სავარაუდოდ, ავტომობილის წინა სავარძელზე იჯდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს საქართველოში 5,8 ათასი ავარია მოხდა, რომელსაც სამართლებრივად დასჯადი მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 481 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 18 ბავშვია, ხოლო დაშავდა 7,9 ათასი ადამიანი, აქედან 318 ბავშვია.