თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 8,5%-დან 8,25%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება მიმდინარე წლის აპრილიდან, გამკაცრების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბერ–დეკემბრის პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა.
მაისში ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა 3% მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში და მოსალოდნელია, რომ ის მაღალ დონეზე წლის ბოლომდე დარჩება და მიზნობრივ მაჩვენებელს მხოლოდ 2021 წლის პირველი ნახევრისთვის მიუახლოვდება.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგრძელებს გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას და განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს. შემცირების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის ტემპი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 5 აგვისტოს გაიმართება.