როგორ დაეხმარება სახელმწიფო მევენახეებს რთვლის დროს

გამოწერა
მიმდინარე წელს სუბსიდიები, დიდი ალბათობით, გამოიყოფა მხოლოდ „რქაწითელის“ ჯიშის ყურძნისთვის, მიიჩნევს ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი.

თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთვლის სუბსიდირებაზე 60 მლნ ლარი დაიხარჯება, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ოპერაციების შემცირების ფონზე საქართველოდან ღვინის ექპორტის მოცულობა შემცირდა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ღვინის ექსპორტი 11,3%-ით, 73 მლნ დოლარამდე დაეცა.

რთველი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი რთველს ვერ შეაფერხებს – საქართველოს მთავრობა მეღვინეობის სფეროს დაეხმარება

მეხუზლას განცხადებით, სუბსიდია, სავარაუდოდ, მხოლოდ „რქაწითელის“ ჯიშის ყურძენზე გავრცელდება.

„ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ წითელ ღვინოზე მოდის და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, ჩარევა არ დაგვჭირდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ „საფერავი“ თავისუფალ ბაზარზე გაიყიდება. ასევე სუბსიდირება არ შეეხება იშვიათი ჯიშის ყურძენს, რომელიც მეტ-ნაკლებად პოპულარობით სარგებლობს და მასზე მოთხოვნაა. ერთი შეიძლება ითქვას, რომ „რქაწითელის“ სუბსიდია იქნება აუცილებელი“, – განაცხადა მეხუზლამ „პირველი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, ჭარბი ყურძნის შემთხვევაში პროდუქციას ჩაიბარებს სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურა“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მთავარი ამოცანაა მთელი ყურძნის მოსავლის ჩაბარება და გამოყენება.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველომ ექსპორტზე რეკორდული რაოდენობის ღვინო გაიტანა

იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლება მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იზრუნებს. ეს გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში მიიღეს პრემიერთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია აღარ გამოყოფს სუბსიდიას ღვინის წარმოებასა და ღვინის ქარხნებისთვის ყურძნის ჩაბარებაზე. ყურძნის შესყიდვის ფასს ბაზარი განსაზღვრავს, ანუ ფერმერები და ღვინის კომპანიები პირდაპირ თანხმდებიან ღირებულების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0