გვაქვს შანსი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს:ბურჯანაძე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

© Sputnik / Vladimir Umikashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო ცვლილებები იძლევა საშუალებას, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით ერთპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტში შევა არა ორი-სამი პარტია, არამედ გაცილებით მეტი.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. პარლამენტის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ისე ხალხისთვის, მიიჩნევს ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

როგორც მან ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ქვეყანას ერთპარტიულ მმართველობას და ორპოლუსიან პარლამენტს აარიდებს.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო >>

საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ. დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. ცვლილებებს ხმა მისცა 136-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა ხუთი.

„გუშინ ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღე იყო უახლესი ისტორიის განმავლობაში. დიახ, უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად, რომელიც გასწიეს ახალგაზრდებმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, საქართველოს მოსახლეობამ მიიღო შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდეს და პარლამენტი ხალხის ნების გამომხატველი იყოს. პროცესები გადავიდეს რუსთაველიდან პარლამენტში და იყოს პოლიტიკური დებატების კულტურა და არა ერთმანეთის ლანძღვა და ჩაძირვა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გზა ხსნილია: რამდენი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობისთვის

ბურჯანაძემ ასევე პოზიტიურად შეაფასა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისი აზრით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ეძებდა კანონპროექტის ჩაგდების შესაძლებლობას და მას ეს მარტივად გამოუვიდოდა იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა ოპოზიცია.

„რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი იქნებოდა 2-3 დეპუტატის მოძებნა, რომელიც კანონპროექტს რაღაც მიზეზის გამო ხმას არ მისცემდა. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა დარჩებოდა კვლავ ძველი სისტემის ტყვეობაში. ამიტომ „ევროპული საქართველოს” ეს გადაწყვეტილება იყო ერთადერთი სწორი“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, კარგი იქნებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებსაც დაეჭირათ მხარი ცვლილებებისთვის. მისი თქმით, ეს სწორი და ლოგიკური იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა.

თუმცა ბურჯანაძემ მაინც იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მომდევნო მოსმენებისას მთელი ოპოზიციური სპექტრი დაუჭერს მხარს.

„ევროპული საქართველოსგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ოპოზიციასთან შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს აცხადებს, სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და პატიმრობიდან არ გათავისუფლდება „მთავარი არხის“ ერთ-ერთი თანამფლობელი გიორგი რურუა, რომელსაც ისინი პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ „ევროპულმა საქართველომაც“ გააკეთა განცხადება, რომ არ მიიღებს მეორე და მესამე მოსმენით განხილვის დროს კენჭისყრაში მონაწილეობას, თუ იმ დროს რურუა ისევ პატიმარი იქნება.

მაისში, როდესაც საქართველოში კორონავირუსი შედარებით დაძლეული იყო და ცვლილებების შეთანხმებული ვარიანტის საჯარო განხილვა დაიწყო, მსჯავრდებულთა პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალა. ციხეში დღემდე რჩება რურუა, რომლის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0