თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოში დიდი ხნის წინ აპრობირებული სცენარი - ცნობილი პოლიტიკოსების სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნება - „შეკვეთილი მკვლელობის“ საქმის გამოძიების ფონზე კვლავ ამოტივტივდა.
ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იუსტიციის ექს-მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შორის თითქოსდა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაჩნდა.
სატელეფონო ჩანაწერი უხარისხოა, მაგრამ ახლავს რუსული სუბტიტრები. ისმის, როგორ იხილავს ორი ადამიანი სააკაშვილისა და ადეიშვილის ხმებით საქმეს, რომელსაც სუს–ი იძიებს.
ამ დღეებში თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს რუსეთის მოქალაქე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იძიებს მკვლელობის მომზადების საქმეს. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ საუბარია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შეკვეთილ მკვლელობაზე მის მიერ შარშან ზაფხულში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით პირდაპირ ეთერში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. ტელეკომპანიის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მკვლელობა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა და თბილისს ამის შესახებ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა აცნობეს.
სატელეფონო ჩანაწერში პირი, საქართველოს იუსტიციის ექს–მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მსგავსი ხმით ამბობს, რომ გვარამიამ იჩქარა განცხადების გაკეთება და მასთან შეთანხმების გარეშე ახსენა უკრაინული მხარე.
მისი თანამოსაუბრე, სავარაუდოდ, სააკაშვილი, ასევე აღშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ „გვარამია - ავადმყოფია“, გაბუნია კი - „რაღაცნაირი არასტაბილური ტიპაჟი“.
ჩანაწერში მეორე ხმის გარჩევა რთულია, პირველის ხმა კი უფრო მკაფიოდ ისმის.
მჯერა-არ მჯერა
„მთავარი არხის“ გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ უკრაინული ვებგვერდი არ არის წყარო, რომელიც შეიძლება ნდობას იმსახურებდეს.
„ჩემთვის ეს არასაიმედო წყაროა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო. ეს ჩანაწერი - არის მონტაჟი სიტყვებით... ეს უკანონოა და ზუსტად არაავთენტური, ეს შემიძლია ვთქვა, როგორც პროფესიონალმა“, - განაცხადა გვარამიამ.
სააკაშვილის ყოფილ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მსგავსი ჩანაწერის გავრცელებას დანაშაული უწოდეს და ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულეს.
„მათ სურთ გაუგებარი ფაბრიკაციებით ამომრჩევლებს გონება დაუბინდონ და კვლავ დათესონ აბსურდული ეჭვები. ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რომელიც ხელისუფლებამ და მათმა ტროლებმა არჩევნების წინ ჩაიდინეს. ეს დანაშაულია“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ყველა კითხვას გამოძიება უპასუხებს.
„საუბარი იყო გარკვეულ ეჭვებზე და ეს ჩანაწერი დამატებით ადასტურებს მათ. ჩვენ ვიცნობთ ამ პოლიტიკური ძალის ბუნებას და ამ კონკრეტული ადამიანების ბუნებას. ასეთი საუბრები არავის უკვირს. მაგრამ არ მინდა ჩავუღრმავდე, ვინაიდან გამოძიებას დასრულების შესაძლებლობა უნდა მივცეთ“, - განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ თემა სერიოზულად უნდა შეისწავლონ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად.
საქართველოს ყოფილი ლიდერების საუბრის ეს ჩანაწერი პირველი არ არის, რომელიც უკრაინულ ვებგვერდებზე გამოჩნდა. მსგავსი ჩანაწერები ქვეყნდებოდა საქართველოში ბოლო წლების ყველა არჩევნების წინ და ხმაურიანი მოვლენების ფონზე.
მსგავსი ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, როგორც წესი, ვერ ხერხდება თავად საუბრის მონაწილეთა დადასტურების გარეშე.
ბოლო სატელეფონო ჩანაწერის ორივე გმირი, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, საქართველოში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს. ისინი საქართველოში დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ – სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და კიევში იმყოება, ადეიშვილი კი ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაში ცხოვრობს.