თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რუსეთის დაკავებული მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი ქილერი არ არის და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მომზადებისას მარტო არ მოქმედებდა. ამის შესახებ გვარამიამ გამოძიებას განუცხადა.
გვარამიამ და გაბუნიამ შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, პარასკევს გამოძიებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენება მისცეს. შეკვეთილი მკვლელობის მიზანს გამოძიება არ ასახელებს. გვარამიას ვერსიით, საუბარია გაბუნიას ლიკვიდაციაზე.
„ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წევრი. შესაბამისად, თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება. მე რა ინფორმაციასაც ვფლობდი, საგამოძიებო ორგანოებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მივაწოდე. ჩემი ინფორმაციით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გაბუნიას მარშრუტის შესწავლა. რამდენი ადამიანი იყო – არ ვიცი. თანამზრახველები, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ, არ ვიცი“, – განაცხადა გვარამიამ.
ამასთან, ის რომ გაბუნიაზე თავდასხმა იგეგმებოდა, „მთავარი არხის“ გენდირექტორი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა.
„მე ინფორმაცია მივიღე არაოფიციალურად, ცხადია, მაღალი თანამდებობის პირისგან. ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის დანაშაულების შესახებ სუს-ის წყაროებიდან ვიღებთ, რის შემდეგაც მიმდინარეობს მათი გადამოწმება, თუმცა, სუს-სს არ ვატყობინებთ, რამდენად სინამდვილეს შეეფერება იგი. მე მოსამართლეს დავუდასტურე, რომ 12 ივნისის სპეცოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრე მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ზუსტი თარიღი არ ვიცოდი“, - აღნიშნა გვარამიამ.
რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს ბრალად ედება დოკუმენტების გაყალბება და იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემა „პოსტკრიპტუმში“ (მაშინ გაბუნია „რუსთავი2“-ში მუშაობდა) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. ეს მოხდა თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე.
გვარამიას სიტყვებით, სწორედ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა გახდა გაბუნიას ლიკვიდაციის შეკვეთის მიზეზი. მან ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა.
თავად კადიროვმა უარყო ბრალი და განაცხადა, რომ მას „სავსებით არ აინტერესებს ბედზე განაწყენებული ადამიანების არაკები“.