თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ახალი თანაშემწე – რობოტი „პეპერი“ წარმოადგინა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება და ქვეყანაში ტელემედიცინის განვითარებას შეუწყობს ხელს.
რობოტი „პეპერი“ პრეზენტაციის სტუმრებს ქართულ ენაზე მიესალმა.
„დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე „პეპერი“, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და ქართული ენის შესწავლა დაიწყო. ის დაგვეხმარება სამომავლოდ COVID-19-ის დამარცხებაში და ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში", — განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს. ტიკარაძის თქმით, პრეზენტაციისთვის აღნიშნული ადგილის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა – ეს სასტუმრო ხუთი თვის განმავლობაში საკარანტინო ზონა იყო. დღეს კი სასტუმრო უშუალოდ სტუმრების მისაღებად ემზადება.
2020 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს ტელემედიცინის დონის ამაღლებასა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის მობილიზებას, რაც ითვალისწინებს ექიმებს შორის ინფორმაციის გაცვლისთვის კომპიუტერისა და ტელეკომუნიკაციის გამოყენებას. ასევე იგეგმება ფარმაკოლოგიური სექტორის გარკვეული სერვისების დიგიტალიზაცია, რაც მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას გახდის შესაძლებელს.