თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი შესწორებებს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საკუთარი შენიშვნებით მთავრობას ხუთშაბათს გადაუგზავნის, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.
შესწორებები 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში კორონავირუსის პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე გახდა საჭირო. მასში გათვალისწინებულია მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, დახმარება პანდემიისგან დაზარალებულებისთვის, ასევე ეკონომიკის ზრდის გაუარესებული მაჩვენებლები.
„შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ მთავრობა დოკუმენტს პარლამენტს მომდევნო კვირის დასაწყისში დაუბრუნებს“, – განაცხადა კოვზანაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომიტეტმა მოიწონა შესწორებები და კენჭისყრა უკვე მომდევნო კვირაში გაიმართება.
„სასესიო კვირაში იქნება განხილვა უკვე იმისთვის, რომ 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტში დამტკიცდეს. ეს ვერსია მოიცავს ყველა იმ წინადადებას, ყველა იმ შეთავაზებას, იმ პროგრამას, რომელიც სჭირდებათ ჩვენს თანამემამულეებს, რათა არსებული ვირუსის პირობებში მათი სოციალური დაცვა უზრუნველვყოთ“, – განაცხადა კოვზანაძემ.
ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პროექტი გათვლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, კორონავირუსის პანდემიისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებული პროგნოზების ფონზე.
პროექტის ახალი ვარიანტის მიხედვით, შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს დაახლოებით 3,9 მილიარდი ლარით გაიზრდება და 18,4 მლრდ ლარს შეადგენს.
ამასთან, შემოსავლები შემცირდება 1 მლრდ ლარით და 10,2 მილიარდს შეადგენს.
შემოსულობების გაზრდა გამოწვეულია სხვა შემოსავლების გაზრდით, მათ შორის, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის შექმნის ხარჯზე, საქართველოს ეროვნული ბანკის დივიდენდების ზრდით, რესურსების დამატებითი მობილიზაციითა და სხვა ფაქტორებით.
ასევე საერთაშორისო პარტნიორების დახმარების ხარჯზე გაიზრდება გრანტების მოცულობა და გაიზრდება საქართველოს ვალდებულებები. ამასთან, კრედიტების მოცულობა საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში 4,5 მლრდ ლარით გაიზრდება.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, პროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 15,9 მლრდ ლარს შეადგენს.
კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ>>
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შემცირდება 199,6 მლნ ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები – 347 მლნ ლარით. ასიგნებების ნაწილი გადანაწილდება უწყებების ერთი ნაწილის ხარჯების მუხლების შემცირების და მეორე ნაწილის ხარჯების გაზრდის ხარჯზე.
ბრძოლა კორონავირუსის შედეგებთან
ამასთან, პროექტის მიხედვით, პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი რესურსი შეადგენს 3,4 მლრდ ლარს. ეს თანხა წლის განმავლობაში მოხმარდება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარებებს.
ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაზე სახრები განაწილებულია შემდეგნაირად:
- 450 მლნ ლარი – ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც ოფიციალური სამუშაო დაკარგა;
- 250 მლნ ლარი – სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, საშემოსავლო გადასახადების შემცირებაზე;
- 75 მლნ ლარი – თვითდასაქმებულების ერთჯერად დახმარებაზე 300 ლარის ოდენობით;
- 170 მლნ ლარი – მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე;
- 48 მლნ ლარი – დახმარება 6 თვის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა დააგროვეს;
- 13 მლნ ლარი – მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება 6 თვის განმავლობაში, რომლებმაც 100 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულა დააგროვეს;
- 24 მლნ ლარი – 100 ლარის ოდენობის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში აშკარად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
- 133,5 მლნ ლარი – რომელიც მობილიზებულია StopCoV-ის ფონდის ანგარშზე;
- 45 მლნ ლარი – საკარანტინო ზონების მომსახურების გადახდაზე და ფრენების სუბსიდირებაზე;
- 285 მლნ ლარი – ვირუსის გავრცელების აღკვეთასა და ჯანდაცვის ხარჯებზე;
- 60 მლნ ლარი – ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მზადყოფნის გაუმჯობესებაზე;
- 330 მლნ ლარი – საკრედიტო–საგარანტიო სქემის დაფინანსებაზე;
- 70 მლნ ლარი – სასტუმროებისთვის პროცენტების ხარჯების სუბსიდირებაზე;
- 45 მლნ ლარი – სასტომროების ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე;
- 20 მლნ ლარი – მცირე გრანტების გაცემაზე;
- 40 მლნ ლარი – მშენებლობის სექტორის მხარდაჭერასა და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ბინების შეძენის გაზრდაზე;
- 139 მლნ ლარი – სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერაზე;
- 600 მლნ ლარი – დღგ-ის დამატებით დაბრუნებაზე;
- 600 მლნ ლარი – კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლიკვიდობის შექმნაზე.