თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა - შეხვედრაზე COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციის ფონზე მომავალი საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოების საკითხი განიხილეს.
საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან ერთად მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ორიენტირებულ წესებზე, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დანერგავენ.
თალაკვაძის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე თავიანთი შეხედულებები გაუზიარეს.
„ვგეგმავთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ ასევე მხარეებთან, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან და საბოლოოდ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს კოვიდინფექციის გავრცელებისგან არჩევნების დროს და ასევე, რასაკვირველია, უზრუნველყოფს მათი საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი იქნება მიღებული და მის განხილვაში მონაწილეობას ყველა პოლიტიკური ძალა მიიღებს.
„ხვალიდან საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას დაიწყებს. ეს ცვლილებები იყო შემუშავებული, როგორც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება, რომელიც 8 მარტს იყო ხელმოწერილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, იმედს გამოვთქვამ, რომ მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური პარტია და ეს ცვლილებები მიღებული იქნება, როგორც შეთანხმებული იყო“, – განაცხადა ელჩმა.
დიპლომატებმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, სადამკვირვებლო მისეიბისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის.
საქართველოს პარლამენტი კვირას გამართავს რიგგარეშე სხდომას, სადაც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს განიხილავს.
საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეცვლას გულისხმობს, საჯარო განხილვის შემდეგ განსახილველად პარლამენტში შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის შერეული სისტემით ჩატარდება. პარლამენტის 150-დან 120 ადგილი პარტიებს შორის განაწილდება, რომელთათვის გამსვლელი ბარიერი – მხოლოდ 1%-ს შეადგენს. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.
არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი >>
წარმოდგენილ ვარიანტში 30 მაჟორიტარული ოლქია, თბილისში - 8, დანარჩენ ათ რეგიონში - 22.
პარასკევს, 19 ივნისს, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.