თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. პოლიციამ მოზარდის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედების ფაქტზე გორში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ 19 წლის მამაკაცი სოციალური ქსელ Facebook-ის დახმარებით 10 წლის გოგონას დაუკავშირდა, რომელსაც სექსუალური შინაარსის ფოტოებსა და შეტყობინებებს უგზავნიდა, რაზეც გოგონა პასუხობდა. მოგვიანებით, ბრალდებულმა მათი მიმოწერის სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით აიძულა, კვლავ გადაეღო სექსუალური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულმა მას გაუგზავნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139 -ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებასა და გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.