თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სამინისტრო ვუწოდოთ იმ მუშაობის გათვალისწინებით, რომელიც უწყებამ ბოლო ოთხ თვეში გასწია, როდესაც მთელი მსოფლიო ისეთი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორიც პანდემიაა, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
საქართველოში PCR-ტესტი სავალდებულო ხდება: ვის ავალდებულებს მთავრობა>>
გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და უწყების ყველა თანამშრომელს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 24-საათიანი მუშაობისთვის.
„ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უსაფრთხოება, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და, საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა სიამაყით აღნიშნა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა წარმატებით გაუმკლავდა გამოწვევას. მისი თქმით, პანდემია – ეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა კი არა, არამედ გლობალური გამოწვევაა.
„ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს სფეროს. ის რეფორმები, რაც ბოლო თვეების განმავლობაში დაწყებულია სამინისტროში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა შესძინოს მდგრადობა ყველა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ მიაღწია 2012 წლიდან“, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და ყველამ უნდა ისწავლოს ცხოვრება კორონავირუსთან ერთად.
„ვირუსს თქვენთან ერთად ვებრძვით. თქვენი მიღწევა და ჩვენი მიღწევა არის ის, რომ გავრცელებას ვაკონტროლებთ, ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე“, – აღნიშნა გახარიამ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, დღევანდელი მონაცემებით, ხუთით გაიზარდა და 893-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
კორონავირუსის შემთხვევებმა საქართველოში მოიმატა>>
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა რვა ადამიანი, სულ ამ დროისთვის – 739. გარდაიცვალა 14.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.