02:36 12 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6272
  • 100 RUB4.2244
  • USD3.0747
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1384)
254 0 0

მაღალი რისკის ჯგუფებში შევიდნენ ექიმები, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირები, მესაზღვრეები, სამხედროები, სატვირთოს მძღოლები და ა.შ.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომლებიც ვალდებული არიან PCR-ტესტი ჩაიტარონ.

როგორც „საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი, პრიორიტეტული პირები, რომელთათვისაც PCR-ტესტის გაკეთება სავადებულო ხდება, არიან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და მათი კონტაქტები, პაციენტი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში პნევმონიის ან ცხელების დიაგნოზით მოხვდა და ასევე რესპირატორული სიმპტომების მქონე პირები. 

ჩამონათვალში ასევე შევიდა მედპერსონალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და მედიცინის კატასტროფის ბრიგადების თანამშრომლები, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურე პერსონალი და ბენეფიციარები, ყველა ის პირი, რომელთაც ტუბერკულოზი ახლახან გამოუვლინდა (შესაბამისი მკურნალობის დაწყებამდე). აუცილებელ ტესტირებას ასევე ექვემდებარებიან ფსიქიატიული დაწესებულებების მედპერსონალი, ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან ან დიალიზზე მყოფ ადამიანებთან მომუშავე პირები.

კორონავირუსზე აუცილებელ ტესტირებას ექვემდებარებიან ასევე საკარანტინო სივრცეში ან თვითიზოლაციაში მყოფი პირები. მათ ტესტი საკარანტინო რეჟიმის დასრულებამდე 24 საათით ადრე უნდა ჩაიტარონ.

PCR-ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტარონ საკარანტინო ზონებისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების პერსონალმა, სამედიცინო და ეპიდემიოლოგიური სამსახურების წარმომადგენლებმა და ასევე სტაციონარული დაწესებულებების მიმღების, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული განყოფილებების თანამშრომლებმა. 

განკარგულების თანახმად, აუცილებელი ტესტირება ეხება ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მძღოლებს. აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რეზერვისტები, ასევე სამშვიდობო მისიებში მონაწილეები და პირები, რომლებიც უცხოეთში სასწავლებლად უნდა გაემგზავრონ.

კორონავირუსზე ტესტირება სავალდებულოა საპატიმროების თანამშრომლებისთვის, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან, ასევე შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებისთვის.

კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა, რომელთაც შეხება აქვთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მძღოლებთან და ასევე მძღოლ-ექსპედიტორებთან;

PCR–ტესტი უნდა ჩაიტარონ აგრეთვე საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებმა და კონტროლიორებმა.

აღნიშნულთაგან ყველამ, გარდა თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირებისა და პოლიკლინიკებისა და კლინიკების ექიმებისა, ტესტირება 14 დღეში ერთხელ უნდა ჩაიტაროს. კლინიკებისა და პოლიკლინიკების მედპერსონალი კი PCR–ტესტს კვირაში ერთხელ ჩაიტარებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 888-ს აღწევს. გამოჯანმრთელებულია 731, გარდაცვლილია 14 ადამიანი.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1384)

მთავარი თემები